მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბერდია სიჭინავა IRI-ის 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევიდან პოლიტიკოსთა რეიტინგებს ეხმაურება და წერს, რომ ქართული ოცნების ხმების ნაწილი გიორგი გახარიას მიმართ მოსახლეობის ნდობის დამსახურებაა.
სიჭინავა პოსტს თან ურთავს ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს იდეებს და არა "ცალკეულ პირებს ქართულ ოცნებაში".
"კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში ქართული ოცნების რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი)", - წერს სიჭინავა.
ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა 26 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომიდან 1 კვირაში დატოვა. იგი ყოფილი პრემიერის ახალი გუნდის წევრად მოიაზრება.